ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას გავაცნოთ ცვლილებები და მოტივაცია, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კონსტიტუციაში მოწესრიგება და მოვისმინოთ მოსახლეობის დამოკიდებულება და მოსაზრებები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მესტიაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციაში ცვლილება და ცალკე კონსტიტუციური კანონის პროექტი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე.

„ზოგადად დემოკრატიაში, ისეთში როგორიც საქართველოა, ძალაუფლების წყარო, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი ამ ხელისუფლებას, არჩევნების გზით, პერიოდულობით თავის წარმომადგენლებს გადასცემს მანდატს, ჩვენ შემთხვევაში, ოთხი წლით, რომლებიც უკვე ამ მანდატით აღჭურვილი იღებენ კანონებს, სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, ირჩევენ მთავრობას და ა.შ. ამას ჰქვია წარმომადგენლობითი დემოკრატია. თუმცა, ჩვენი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს, რომ არის მომენტები, როდესაც ეს მანდატი არ არის საკმარისი და საჭიროა, კვლავ ხალხთან უშუალო კონსულტაციის გავლა და გადაწყვეტილების ჩამოყალიბება. ჩვენი კონსტიტუციით, ეს ეხება საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპებს, ძირითად ღირებულებებს, ქვეყნის მოწყობის ძირითად სტრუქტურას. ის საკითხები, რაც არის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი თანაცხოვრების ძირითადი პრინციპები, ასახულია კონსტიტუციაში.

ამიტომ, როდესაც ვფიქრობთ, რომ რაღაც დავაზუსტოთ, რაღაც შევცვალოთ და დავაკონკრეტოთ ჩვენ მთავარ თანაცხოვრების პრინციპებში, ამ დროს კონსტიტუციის ცვლილებაზე ვფიქრობთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომისია ერთი თვის განმავლობაში, 17 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს და შემდეგ პარლამენტს დასკვნას წარუდგენს, თუ როგორ ხედავს ხალხი საკონსტიტუციო ცვლილებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები.