სამწუხაროდ, დღემდე ელჩი არ მიიჩნევს საჭიროდ, ქართულ საზოგადოებას მოახსენოს, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მიუღებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს უწესდებათ სანქციები ისე, რომ არავინ ღირსად არ თვლის საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ უთხრან, რა არის ამის საფუძველი. - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"თქვენს ადგილას, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდებოდი, რა მტკიცებულებები არსებობს და არ ვიტყოდი იმას, რაც თქვენ თქვით, თუ არ ვცდები, პლენარული სხდომის დროს, რომ კომისიამ უნდა შეუქმნას მტკიცებულებები ამ გადაწყვეტილებებს ან გაამყაროს ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს აკნინებს თქვენს, როგორც პარლამენტის წევრის როლს და ზოგადად პარლამენტის როლს. თქვენ შეიძლება, პარლამენტი ამ მხრივ წარმოგიდგენიათ სხვა სახელმწიფო უწყებების რაღაც კანცელარიად, რომელმაც მტკიცებულებები უნდა აგროვოს და ამყაროს სხვისი გადაწყვეტილება. ამიტომ თავისთავად ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო, შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებული დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. თუკი პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯგუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს, ან ფიქრობს, რომ რაიმე საკითხი დასამატებელია, პლენარულ სხდომაზე გაქვთ ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც ბიუროს სხდომაზე, დააყენეთ საკითხი და ამაზე იმსჯელებს ბიუროც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისმართით.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე დასვა კითხვა, საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირაში გაივლის თუ არა რეგისტრაციას.

„ამ სასესიო კვირას კენჭისყრას, რეგისტრაციას შეძლებთ თუ არა? ერთი მხრივ, კონსტიტუციის ჩანაწერია საგამოძიებო კომისიებზე, მეორე მხრივ სხვა კანონები, 50 კანონამდე, წინა კვირას თქვენი ბოიკოტირების გამო ვერ მიიღო პარლამენტმა. აქ პასუხისმგებლობა თქვენზეც იყო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე. აქედან გამომდინარე, ამ კვირასაც ასე უპასუხისმგებლობით და უმრავლესობის ოპოზიციაში გადასვლით იქნება პოზიციონირება, თუ რაღაცას შეცვლით? ვფიქრობ, კონსტიტუციის დაცვა თითოეული დეპუტატის ვალდებულებაა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.