არანაირი საკითხის ამოღება არ არსებობს. უნდა დაიწყოთ იქიდან, რომ არაფრის ამოღება არ ხდება არსაიდან. არ არსებობს ერთწლიანი პარლამენტის დღის წესრიგი. ყოველ ჯერზე ბიურო ადგენს ახალ დღის წესრიგს. სხვანაირად როგორ აგიხსნათ, ლოგიკას უნდა მიჰყვეთ, – ასე მიმართ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრ ხათუნა სამნიძეს, რომელიც დღის წესრიგში საგამოძიებო კომისიის საკითხის კენჭისყრაზე დამატებას მოითხოვდა.
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს განუმარტა, პარლამენტის ბიუროს სხდომა ადგენს განსახილველი საკითხების დღის წესრიგს, სადაც ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა საკითხის კენჭისყრაზე დაყენების მოთხოვნა, არც ბიუროს და არც პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, არ არსებობს ბიუროს ერთწლიანი განსახილველი საკითხების დღის წესრიგი.
„კვლავ უნდა მიგითითოთ პარლამენტის რეგლამენტზე, რომ, 89-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პარლამენტის ბიურო, და არა – ვინმე ერთპიროვნულად, ადგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. ბიურო გუშინ ჩატარდა. საკითხის დაყენება შეგეძლოთ ბიუროზე, თუ ფიქრობდით, რომ რაიმე საკითხი შესატანია. პარლამენტში ბევრი საკითხია, რომელიც მომწიფებული შეიძლება იყოს პლენარული სხდომისთვის, მაგრამ ყველა საკითხი დღის წესრიგში არ შედის. მაგალითისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების საკითხი კენჭსაყრელ საკითხებში ბიუროს ორი თვე არ შეჰქონდა და წინა კვირას დავამატეთ. თუ ვინმე მოისაკლისებს რაიმე საკითხს დღის წესრიგში, შეუძლია, ეს საკითხი დააყენოს. გუშინ ოპოზიციიდან არავის გამოუყენებია ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაქვთ შესაძლებლობა, დააყენოთ საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. სპეციალურად სამწამიანი პაუზა გავაკეთე, ვიდრე დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, აპირებდა თუ არა ვინმე რაიმეს თქმას საკითხის დამატებაზე. არავისგან მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს რაიმეს თქმა სურდა. ვიდრე სხდომის დღის წესრიგს დავაყენებდით, შეგეძლოთ, დაგეყენებინათ საკითხი, რომ ეს საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში. მაგრამ არ დაგიყენებიათ, ისე დამტკიცდა დღის წესრიგი. ამიტომ ესეც დაგვიანებულია. რეგლამენტისა და პროცედურების ცოდნა მნიშვნელოვანია და არანაირ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან საქმე არ გვაქვს. ყოველ ჯერზე ბიურო ადგენს ახალ დღის წესრიგს და ხელახლა შეაქვს საკითხები. ეს არის ახალი დღის წესრიგი, სადაც საკითხები შეგვაქვს. არ არსებობს რაღაც დღის წესრიგი, საიდანაც რაღაც ამოგვაქვს, ვამატებთ და ა.შ. არც გუშინ დააყენეთ და დღესაც არ დაგიყენებიათ ეს საკითხი, რომ შეგვეტანა დღის წესრიგში. ამიტომ თქვენს თავს მოსთხოვეთ პასუხი. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ საზოგადოებისთვის, არც გუშინ ბიუროს სხდომაზე, არც დღეს პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის ან ინიციატორების მხრიდან არ ყოფილა დაყენებული საკითხი, რომ საკითხი შეტანილი ყოფილიყო პლენარული სხდომის დღის წესრიგში, ამიტომ აქ პრეტენზიები, მგონი, ნაკლებად მისაღებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.