აშშ - სა და ამერიკელი ხალხისგან ხაზგასასმელია 32-წლიანი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო გრძნობს თავისი დამოუკიდებლობის მომენტიდან. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომლებიც გვერდით გვედგნენ ყველა ძნელბედობის ჟამს, რათა საქართველოს ქარტეხილები გაეარა, რომელიც 32-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება და განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

„პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზეც ისაუბრა და ჩვენი ხედვა ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის არის ძალიან ცხადი და აშკარა. ჩვენი სურვილია, რომ აშშ-სთან, რომელთანაც ამდენწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ეს რეალურ, ხელშესახებ ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს. კერძოდ, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში აშშ-დან საქართველოში და ამას ყველაფერს სჭირდება წახალისება. ამ მხრივ ჩვენ ყველანაირი ნაბიჯს ვდგამთ – ჩვენთან არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო, რათა მათ შორის ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. საქართველო ყველანაირად არის მოწყობილი ისე, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და არ იყოს საფრთხე უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, რომ საქართველოდან შევიდეს აშშ-ში ადამიანი, რომელიც არ იქნება სასურველი აშშ-სთვის, ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც. ამიტომ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯიც გადადგმულია. პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც ჩვენი მხრიდან არის მზაობა ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს იქნება ეს თუ ქართული, რომ გვქონდეს მიმოსვლა. საჭიროა ამ სამივე ნაბიჯზე საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა. იქნება ეს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა თუ იქნება ეს ინვესტიციების წახალისება, რათა ის მოხვდეს საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში აქვთ უვიზო რეჟიმი, საქართველოს მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია.

„აშშ-ის ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა. გასაგებია, რომ აშშ-ს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან აქვს უვიზო მიმოსვლა. არ მგონია, რომ საქართველო 3 მილიონ ნახევარი მოსახლეობით რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ აშშ-სთვის. ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართველი ხალხის მიმართ.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აქაც ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური მზაობა, ყველანაირად ხელი შეეწყოს ნებისმიერი ამერიკული ავიაკომპანია იქნება თუ სხვა, რომ მოხდეს ეს ფრენები. ჩვენი მხრიდან თუ რაიმე დახმარება იქნება, დავეხმარებით, შესაძლოა, აშშ-დანაც გარკვეული ბიძგები ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს. როგორც იცით, თქვენ საკმაოდ მაღალი არის მგზავრთანაკადი საქართველოსა და აშშ-ს შორის, ამიტომ დატვირთულობა ამ მხრივ გარანტირებული იქნება. ამ ყველა ინსტრუმენტის კომბინაციით – უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ ფრენები, ეს წაახალისებს როგორც ხალხთა შორის ურთიერთობას ასევე  ეკონომიკურ ურთიერთობას და შეიქმნება გარემო, რომ ამერიკული ინვესტიციები მოხვდეს საქართველოში. ასე ხდება ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ჩვენი სურვილია, რომ ჩვე​ნს ძალისხმევას აშშ-ის მხრიდან მოყვეს საპასუხო ნაბიჯები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.