საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მუშაობას შეუდგნენ ახლად არჩეული მერები და საკრებულოები. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ხალხის პოლიტიკური სიბრძნე და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ ერთგულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ ერთგულ ამომრჩევლებს.
„თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ყველა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება და ყველა საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება. ამავე დროს, მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. დღეს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა რაოდენობით და კონფიგურაციით, ჯამში შვიდი პარტია არის წარმოდგენილი: „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“, „ევროპელი სოციალისტები“, „საქართველოსთვის“, „გირჩი“, „კონსერვატორები“ და „ლელო“.
ის ფაქტი, რომ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ აღიარეს არჩევნების შედგები, რომელიც იმავე ცესკო-მ, იმავე კანონმდებლობით და იმავე ტექნოლოგიით ჩაატარა, როგორითაც 2024 წლის არჩევნები, აჩვენებს, რამდენად ყალბი იყო მათი მხრიდან, პარლამენტის არჩევნების შედეგების მიღებაზე უარის თქმა. სწორედ ეს არის დემოკრატიის ძალა – ბოლოს, ხალხის ნებას ვერავინ გაექცევა.
ყველა მერს და საკრებულოს წევრს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას მათი მუნიციპალიტეტების საკეთილდღეოდ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.










