„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უნგრეთს ვესტუმრე. ეს არის საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ ის ხორციელდება ქვეყანაში, რომელიც საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერით გამოირჩევა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერთან ერთობლივ ბრიფინგზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე აგრეთვე, შეთანხმდნენ ევროპული პოლიტიკური პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობაზე.
„შეხვედრის ფარგლებში, მე, ასევე, ვისაუბრე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გეგმებზე და ხაზი გავუსვი საქართველოს მიზანს, 2028 წლამდე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90% განახორციელოს. მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ეს შეთანხმება ჩვენი მთავარი გეგმაა, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება. მადლობას ვუხდით უნგრეთს ამ პროცესში ჩვენი დახმარების მზაობისთვის. თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა.
მადლიერები ვართ აქ, ეროვნულ ასამბლეაში თბილი დახვედრისთვის. ძალიან ვაფასებთ უნგრული მხარის თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერაზეა მიმართული. მზად ვართ, მომდევნო წლებში გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.