რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? - მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე იობს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და წმინდა სინოდს. შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას! მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში მოქცევას. იცოდეთ ბოლოს ეკლესია გამხელთ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილ მიუტევებელ ცოდვებში!- ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართულ ოცნებას“.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ამბიონიდან ქვეყანაში არსებულ საერთო ეროვნულ პრობლემებზე იქადაგა, „ოცნების“ პროპაგანდის მხრიდან აგრესიული პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფები მოჰყვა“.

„ამით მითი მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე დიდი მცველის და ეროვნულობის გადამრჩენი „ოცნების“ ხელისუფლების შესახებ დაიმსხვრა და სიცრუე აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ამ ყველაფრისგან გამოსავალი ლაშა ნაცვლიშვილის დაჯარიმებაში ნახეთ. ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ მეუფე იობზე, არამედ ეს იყო თავდასხმა ეკლესიაზე, წმინდა სინოდსა და პატრიარქზე. თქვენ ასეთი ქმედებით დაადასტურეთ, რომ სიმართლის თქმას, განსხვავებული აზრის გამოთქმას სინოდის წევრებსაც არ პატიობთ და სახელისუფლებო პროპაგანდის რისხვით პასუხობთ.

რა თქვა მეუფემ არასწორი? - ის, რომ ქვეყანაში განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, ერი გადაბერების და გადაშენების საფრთხის წინაშე რომ დგას? რატომ არ აქვეყნებს თუ იცით რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. იმიტომ, რომ შედეგები საგანგაშოა გაზრდილი მიგრაციით, დაცლილი სოფლებით,უკიდურესად შემცირებული შობადობით.

ხალხი სიდუხჭირის გამო ემიგრაციაში მიდის იმიტომ, რომ ნორმალური ანაზღაურების გადახდა არ გინდათ, თქვენი ბიზნეს კოლონიზატორები კი ინდოეთიდან იაფი მუშახელის ჩამოყვანაზე ფიქრობენ, რათა საკუთარ მამულებში მუქთად ამუშაონ და კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ.

რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? ის, რომ ნარკომანიამ და ნარკომოვაჭრეებმა დაავადმყოფდა მთელი ახალგაზრდა თაობა? თუ სახელმწიფო ყველანაირი შეღავათებით ხელს, რომ უწყობს და ახალისებს აზარტულ თამაშებს და ასეთი ცოდვით ნაშოვნი ფულით ქვეყანას რომ ღუპავთ ამიტომ ამხედრდით?

ქვეყანაში გამეფებული კორუფციის მთავარი მიზეზი სისტემური მმართველობითი ჩავარდნა, სისტემური კორუფცია და კორუფციაში მხილებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები რომ არიან, ეს არის არასწორი? თუ თბილისის მერიაში გახმაურებული მექრთამეობა და აღებ-მიცემობაა სიცრუე და შეთხზული ამბავი?

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუის-ურბნისის მიტროპოლიტს მეუფე იობს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და წმინდა სინოდს. შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში მოქცევას. იცოდეთ ბოლოს ეკლესია გამხელთ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილ მიუტევებელ ცოდვებში. ეკლესია მუდამ უნდა იყოს დამოუკიდებელი და ქვეყნის და ხალხის ინტერესების დამცველი“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.