ვფიქრობ, ქვეყნები რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ, გახდებიან ევროკავშირის წევრები, მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.
„ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა სახელმწიფო გადის გარკვეულ ეტაპებს, უწევს გარკვეული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, ქვეყნები რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად, გახდებიან ევროკავშირის წევრები. მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის უფლება, 15-წლიანი საცდელი პერიოდი, კერესელიძემ აღნიშნა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, ეს არის დროებითი პროცესი. ქვეყანას, რომელიც აპირებს გაწევრიანებას და გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ მას ეს შეზღუდვა მოეხსნება და იქნება ჩვეულებრივად სრულფასოვანი წევრი. ეს არის გაწევრიანების შემდეგ რაღაც მოკლე პერიოდი, როდესაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. რა დეტალებს ეკიდებით იმის გამო, რომ გაამართლოთ არასწორი მიდგომა, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამ პროცესს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩამოვშორდით“, – განაცხადა კერესელიძემ.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა ახალი წევრი სახელმწიფოსთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ეს მექანიზმები, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა, არ ექვემდებარება განხილვასა თუ ცვლილებას.







