რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო "მექანიზმები არსებობს", რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს.

მისივე განცხადებით, დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები ჟენევის ფორმატის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების "მძევლად ქცევას" ცდილობენ, რაც მისი აზრით, "პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული".

„ჩვენ მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან. არის დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ.

საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ ჟენევის მოლაპარაკებებში ახლა დასავლელი მონაწილეები - ესენი არიან ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ - როგორღაც ცდილობენ რომ დიალოგის ეს ფორმატიც იმის მძევლად აქციონ, რაც ახლა უკრაინის გარშემო ხდება. ვფიქრობ, ეს ვულგარულია, არაპროფესიონალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ კონკრეტულ რეგიონში, რაც მათი პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.