საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 32 წელი გავიდა .

 ის 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რასაც ოჯახი ამ დრომდე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს

 დევნილი პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად იძულებული იყო, თავი სამეგრელოს ტყეებისთვის შეეფარებინა, გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველად, იქვე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში ქალაქ გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი პირველი პრეზიდენტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

 2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ზვიად გამსახურდიას მიერ აფხაზეთის და სამეგრელოს სოფლებში განვლილი გოლგოთის გზის უკანასკნელ ამქვეყნიურ სადგურად ჯიხაშკარისა და ძველი ხიბულას მიდამო ითვლება, თარიღი კი 30-31 დეკემბრის ღამეა. 

მთიანი სამეგრელო, იგივე ლაკადა და მისი მომიჯნავე სოფლები და სანახები ორჯერ შემოვიარე - ერთხელ 2010-2011 წლებში, როგორც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მეორეჯერ 2015 წელს, როგორც კერძო პირმა. ვნახე საოცარი, მართლაც ზღაპრული სილამაზის ადგილები, რომელზეც მათ ფეხი დაუდგამთ 1993 წლის ნოემბერ-დეკემბერში: ჩქვალერი, მუჟავა, ჩვინარე, პალური, ლია, ეწერი, ფახულანი, ობუჯი, ჯაღირა, ჯიხაშკარი, ძველი ხიბულა....ასევე ქართლაშის მთა, ჯყეპზენის მთა, სადაც ღამეები უთევიათ მწყემსების და მონადირეების კარვებში; სადაც ენგური და მაგანა გადაუცურავთ. შესაძლოა ყველა ადგილს ვერც ვიხსენებდე. 

აქვე მინდა მოვიყვანო მის ერთადერთი პოეტურ კრებულში ("მთვარის ნიშნობა") შემავალი ციკლი, მიძღვნილი ტერენტი გრანელისადმი, სადაც ავტორი მე-მთხრობელის ფორმით მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ ტერენტი გრანელის სახის მიღმა თავად დგას. და რატომ ტერენტი? იქნებ სხვა ფაქტორებთან ერთად ესეც ანტიციპაციური, მისნური წინასწარგანცდაა იმ ამბისა, რომ მისი სიცოცხლის ბოლო ორმა თვემ ტერენტის მშობლიურ რაიონში ჩაიარა? ეს ხომ გასული საუკუნის 70-იანების დასაწყისშია დაწერილი. ოცდაათი წლის შემდეგ მისი სიცოცხლე აქ დასრულდა და ეს უკვე, ტერენტისეულ ნათქვამს თუ გავიხსენებთ, აღარც სიკვდილი იყო, აღარც სიცოცხლე, "არამედ რაღაც სხვა." სიმართლისა და სინათლის გზაზე მდგარნი, ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში, შესაძლოა ფიზიკურად ლიკვიდირებულნი იქნენ, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი დამარცხდნენო: 

ცხაურით დაცეხვილი ცა
გიცქერს ზიზღნარევ ეჭვით, 
ლოდინმა დარდი გცა
უიმედობის ბეჭდით. 
ხსოვნა კი გაცრიცა
მოგონებების ბეჭვით. 
და მაინც გეშავ თვალს,
და მაინც ზომავ ომს,
იქრობ სურვილის ალს
გამოდარების მდომს.
გამოდარებას ცით
ბედი მოავლენს როს
მარტვილობით და ცდით
დაიმორჩილებ დროს.
ნუ გსურს იდაროს ხვალ
ნუ გსურს იდაროს ზეგ,
ნუღარც სულსწრაფად ხვალ 
კუშტი ჯიქობით სდექ,
თვით ჩამოივლის ის
თვით შემოგაფრქვევს სხივს
როს განელება წვის
სიბრძნეს დაჰბადებს ცივს.
როს სურვილების ზღვას
შეიწოვს ტანჯვის ღრუ
როს ოცნებათა თხზვას
შესცვლის განდგომა ყრუ,
როს წარმავლობის ბინდს
მნათს შეაგებებს სულს
მოჩვენებას და ხინჯს
წარსულს გაატან კრულს.
მაშინ სიკვდილის შანთს
აღარ მოუხრი ქედს,
დასძლევ მის ყველა ფანდს
დაიმორჩილებ ბედს.

(კრებულიდან "მთვარის ნიშნობა")

ჟურნალისტმა და პროფესორმა გიგლა გობეჩიამ ამას წინათ დაწერა: ზვიად გამსახურდიას დამხობით, სამშობლოდან განდევნით და მკვლელობით მოხდა საშინელი ფაქტი, რომლის შედეგსაც, კარმული ცოდვის სახით, მთელი საქართველო იმკისო. აქ დავსძენდი, რომ ჩემთვის უმძიმესი წასაკითხია ეს და მერწმუნეთ, ყველაზე მეტად თავად მას არ ენდომებოდა გარემოებათა ასეთი დაწყობა. ყოველ ახალ წელს ვისურვებდი, ისეთ ქვეყანაში გვეცხოვრა, როგორის ხილვაც მას სურდა.