2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები 2023 წლის 7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით მიიღება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა 2023 წლის 1-ელი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.

„საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა საქართველოში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების ჟურნალისტზე.

აკრედიტაციის მიზნებისთვის ჟურნალისტად მიიჩნევა რეპორტიორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის წევრი, გადამღებ ჯგუფად – ერთი რეპორტიორისა და ერთი ოპერატორისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის სათანადო რაოდენობის წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ საქართველოს პარლამენტის სასახლეში ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ხოლო მედიასაშუალებად – საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრირებული მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება.

საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებამ შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს.

საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადი წარედგინება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.

განაცხადი უნდა შეიცავდეს: შესაბამისი იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებას; იურიდიულ მისამართს;  საიდენტიფიკაციო ნომერს, რომლითაც ის რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში; საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ვებგვერდს.

სააკრედიტაციო განაცხადს უნდა ერთვოდეს:

საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი ჟურნალისტების სია. ეს სია უნდა შეიცავდეს ჟურნალისტის სახელსა და გვარს, პირად ნომერს, დაკავებულ თანამდებობას, სამსახურებრივი და მობილური ტელეფონების ნომრებს. განაცხადს წარადგენს მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი;

ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი; ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა – 3X4) ელექტრონული ვარიანტი;

ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები (მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბეჭდვით ორგანოზე, რომელიც დაფუძნდა სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა);

მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დასაშვებია მედიასაშუალების სახეობის მიხედვით საპარლამენტო ჟურნალისტად შემდეგი რაოდენობის ჟურნალისტის აკრედიტება:

ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთის, ჟურნალის) შემთხვევაში – არაუმეტეს 2 ჟურნალისტისა; რადიომაუწყებლის შემთხვევაში – არაუმეტეს 2 ჟურნალისტისა; ონლაინგამოცემის შემთხვევაში – არაუმეტეს 4 ჟურნალისტისა;

ტელემაუწყებლის შემთხვევაში:

ა) საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 7 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

ბ) საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 7 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

გ) სხვა ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 3 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა.

სააკრედიტაციო განაცხადი უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, ქეთევან კვინიკაძეს შემდეგ მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8; ან ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.