„კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, სამი ოპოზიციური პარტია ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს.

„ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს.

პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად – ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა.

როდესაც საზოგადოებამ ივანიშვილის ამ საშინელ ქმედებას მწვავედ უპასუხა, რეჟიმმა შეთითხნა ახალი სიბინძურე ელენეს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი შიშში ცხოვრობს და ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ყველანაირ უღირს მეთოდს იყენებს.

სრული სოლიდარობა ელენეს! ელენე თავისუფალია! რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას გუშინ დააკავეს, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს გათავისუფლდა. დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს. შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა.