„მე მგონი, მიგაჩვიეთ ან მეც მივეჩვიე იმას, რომ რაც არ უნდა ლანძღვა, შეურაცხყოფა, თავდასხმები ყოფილიყო, მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვუპასუხო ყოველჯერ და ყოველ შემთხვევას, თუმცა არასწორია და არასწორად მიმაჩნია საზოგადოების მიმართ, რომ როცა დგება დრო, იწყება ისეთი თავდასხმა, რომელიც, აშკარად ჩანს, კამპანიის ნაწილია, იმას არ მივცე რეაქცია და რაღაც ბუნდოვანება დავტოვო იმ საკითხზე, რომელსაც ეხებიან.  – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა   განაცხადა.

"ეს კამპანია, პირველ რიგში, დაწყებულია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები ამას აგრძელებენ. ეს ეხება 4 ოქტომბერს. თურმე მე ვარ 4 ოქტომბრის ან მთავარი ორგანიზატორი, ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები.

ეს არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის არამხოლოდ იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება და არანაირად არ ვყოფილვარ დაკავშირებული არც ორგანიზებასთან, არც მონაწილეობასთან. არც ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც, მე მგონი, მაინც უსამართლოდ არიან დღეს ციხეში. მაგრამ მე მათ არ ვიცნობ და მათთან არ მქონია არანაირი კავშირი და ვერც მექნებოდა, იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მრწამსი არის იმაში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწორედ გამყარება თავისი დემოკრატიული წყობის და თავისი მშვიდობიანი გადასვლების ერთი რეჟიმიდან მეორეში.

სამწუხაროდ, ჩემი ამ ქვეყანაში ყოფნის დროს ეს ნაკლებად ხდება და გადავდივართ ავტორიტარული რეჟიმიდან ავტორიტარულში და უარესში, ანუ რუსული ტიპის ავტორიტარიზმში. მაგრამ ამის მიუხედავად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი არის დემოკრატიული მომავალი, სადაც ხალხი თავის გზას მშვიდობიანად აირჩევს და ეს დროც მოვა. ვუყურებთ იმას, რაც ბულგარეთში მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს, მაგრამ უნდა გადადგეს მშვიდობიანი ზეწოლის ქვეშ, შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ.

მე ასე ვფიქრობდი სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც 138 დღე ვიდექი და ვიძახდი, არც გადატრიალება და არც გარიგება. იმავე მრწამსით ვარ დღეს – არც გადატრიალება, არც არანაირი შეგუება-გარიგება ამათთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.