პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა. ამის შესახებ თქვენ გექნებათ სრული ინფორმაცია, როცა დრო დადგება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს „ლელოს“ ოფისში განუცხადა და განმარტა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მხნედ არიან.

„პოლიტიკურად, ამ ტიპის რეპრესიები ყოველთვის სისუსტის ნიშანია, ეს არის საწყისი დასასრულისა, ამიტომ ყველანი ვიყოთ მხნედ, როგორც არიან მამუკაც და ბადრიც. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ერთად. არიან ძალიან შემართებით და ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება გვჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი მართლა მისულია იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი აღარ ეშველება.

გვექნება გეგმა. პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა. ამის შესახებ თქვენ გექნებათ სრული ინფორმაცია, როცა ამის დრო დადგება. დღეს არის იმის დრო, რომ ყველანი ერთად აქ ვიყოთ. სოლიდარობა გამოვუცხადოთ. საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ასევე სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს და ყველა სინდისის პატიმარს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვიან დღეს და ისინი არიან, რაც ჩვენს ქვეყანას ესოდენ სჭირდებოდა – მაგალითები. აღარ გვყავდა მაგალითები, დღეს გაგვიჩნდა ახალგაზრდები და პოლიტიკოსებიც, ორივე სამაგალითოა. ვაპირებ, ამ საღამოს, სხვა პარტნიორებთან ერთად, გავაკეთო განცხადებები სწორედ ჩვენი პარტნიორების მიმართულებით. ეს კვირა არის ერთ-ერთი ძალიან დატვირთული კვირა. არა მხოლოდ ირან-ისრაელის და ამერიკის მოვლენების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ხვალ იწყება ნატო-ს სესია, ამ კვირის ბოლოს ევროპული საბჭოსი. ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენი საკითხი არავის არ უნდა დაავიწყდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტია, როცა ვიღაცას ეძლევა შესაძლებლობა, დისტანციურად ჩაერთოს, გიორგი გახარიას კი, ამის საშუალება არ მიეცა.

„ძალიან უნდათ გახარიას დაჭერაც. ძალიან მიკვირს ერთი რამ, რომ ვიღაცებს აქვთ თურმე უფლება, დისტანციურად ჩაერთონ ამ ე.წ.კომისიაში და ვიღაცას არ აქვს. ეს არის ორსტანდარტიანი და ძალიან გაუგებარია. გვესმის, რა ხდება, მაგრამ მაინც გაუგებარია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება.