არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა, დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედნიდან მიმართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
„დიდი სიყვარულით, დიდი ემოციით მინდა, მოგესალმოთ ამ საღამოს. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა – გაბრიელი. და ალბათ ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში, ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს დგას ჩემ წინ, არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინაა ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს, თუარადა სამსახურს დაკარგავენ. არავინ, არცერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, თუ არა, სტიპენდიაც არ გექნება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა და დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო, დღეს დგას აქ გუშინდელი საქართველო. ოღონდ, გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრების და ჩვენი ღირსეული ისტორიის. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში.
მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს, მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის აქედან, თქვენგან და ვუთხრა, ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის, იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკლებს და ვუთხრა, რომ როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ. არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე თუ ან რომ, ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი, მადლობა თქვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.