„მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო, რადგან აქ დაცული არ არის არცერთი, არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი არ გააჩნია ამ წერილს." – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"არ ვიცი, ვინ დაუწერა, არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლებისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც „მეგობარი აქტის“ შედეგებს ვერ დაალაგებს. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ წრეში ძალიან დიდი ნერვიულობაა და ეს წერილი ამისი გამომჟღავნებაა. ძალიან მაინტერესებს, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, თუმცა ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხარო არის. სამწუხარო იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც 30 წელზე მეტია, ამერიკა ყველა კუთხით და ფორმით ეხმარება.
ამერიკა, რომელმაც ჩვენ პრაქტიკულად ჯარი მოგვცა, ყოველ შემთხვევაში, მოამზადა, რომ ჰქონოდა დღევანდელი თანამედროვე სტანდარტები; ამერიკა, რომელიც მოგვეხმარა, რათა ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილას. 30 წელი ჩვენ ვიყავით ამერიკული დახმარების ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი მსოფლიოში მოქალაქის მიხედვით. ეს არის ჩვენი პასუხი, ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს არის მაჩვენებელი ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირაკლი კობახიძის ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს