დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პატარა საქმე არ არის, რადგან, რეალურად, ეს პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან სევდიანი და მძიმეა, რადგან ქვეყანაში რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო, საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, იანვრიდან ამ მიმართულებით უკვე აქტიური მუშაობა დაიწყებოდა და ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო იმასაც კარგავს, რაც ჰქონდა. დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პატარა საქმე არ არის. რადგან რეალურად, ეს პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ იმიტომ, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლა შემოვიდა, ჯერ დიპლომატიურ პასპორტს შეეხო და შემდეგ ყველას“, - განაცხადა სამადაშვილმა.