საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე, დავით არდაზიშვილი, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დავით არდაზიშვილს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. ახალი თანამდებობის დაკავებამდე დავით არდაზიშვილი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
მერაბ გამყრელიძემ დავით არდაზიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ დავით არდაზიშვილის პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვები მნიშვნელოვანი რესურსია სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.
მერაბ გამყრელიძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა და სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა.
შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ.




