„ქართული ოცნება“ ცდილობს ორმაგი სარგებელი მიიღოს, ქვეყანა დააზიანოს და ვიწრო პოლიტიკური მავნე გეგმები განახორციელოს,- ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შეფასებისას განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა ვფიქრობ, როგორც არ უნდა ვაფასებდეთ ამ პროცესის სიმძაფრეს, ზიანი, რომელიც ჩაფიქრებული იყო და თან ახლდა ამ პროცესს, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები აფასებენ საქართველოს, საქართველოში პოლიტიკურ პროცესს, დემოკრატიულ რეფორმებს, ამის პარალელურად, როდესაც პირდაპირ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი გეუბნება, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს პროცესი ჩრდილს აყენებს საქართველოს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ცხადია, რომ ეს ზიანი არის უკვე დამდგარი მოცემულობა. სად წავა ეს პროცესი ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა რასაკვირველია „ქართული ოცნების“ ჩანაფიქრი არის ის, რომ ორმაგი სარგებელი მიიღოს, დააზიანოს ქვეყანა და თავის მხრივ, ვიწრო პოლიტიკური აბსოლუტურად მავნე გეგმები განახორციელოს“,- განაცხადა საბა ბუაძემ.