ამ ორად გაყოფილ მსოფლიოში, ახალი მსოფლიო დღის წესრიგის ფორმირების პროცესში არის ორი დიდი ტენდენცია და ადამიანები არიან ან ერთი ტენდენციის მხარეს, ან მეორე ტენდენციის მხარეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ოღონდ სხვადასხვა შრეშია ეს ურთიერთობა, ვიღაც წინა ხაზზეა, ვიღაც უკანა ხაზზე და ვიღაც საერთოდ ბოლო ხაზზე, მაგრამ ერთ ტენდენციას ემსახურება. მათი ინტელექტუალური მართვაც ერთი ცენტრიდან ხდება. ჩვენ შემთხვევაშიც ის, ვინც უპირისპირდება რისკების გათვალისწინების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის რისკების იგნორირების პარტია და გაერთიანება. ზოგ მათგანს ეს გულუბრყვილობით მოსდის, ზოგს კიდევ – დავალებით და ამ გაერთიანებას ვინ უხელმძღვანელებს, ამას საზოგადოება შეაფასებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ზერელედ მოვეკიდოთ რამე ტენდენციას, რომელიც შეიძლება, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ქალბატონი პრეზიდენტი იქნება ეს თუ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ბატონები, საზოგადოების ობიექტურად შეფასების უნარის მქონე ადამიანებისთვის ერთიანდებიან იმ ადამიანებში, რომლებიც ან შეგნებულად, ან დავალებით აიგნორებენ ისეთ ფაქტორებს, რომლებმაც, შეიძლება, ეგზისტენციალურ საფრთხემდე მიიყვანოს ეს ქვეყანა. ამიტომ მათი რიცხვი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე შეფასებით,  სალომე ზურაბიშვილი იმ გზით, რომელიც მან გაიარა, არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელმაც შეიძლება სახელი ვერ დაარქვას რაიმე მოვლენას და ამიტომ, ფაქტებით, რომლებიც აშკარად უპირისპირდება ხელისუფლების პოლიტიკას და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებებსაც, არ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ეს მას შემთხვევით ან გაუაზრებლობით მოსდის.

„ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, ეს სიტყვა რომ უნდა ვიხმარო, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეული ტიპის დავალების შესრულების შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არ არის ის გზაგამოვლილი ქალბატონი, რომელსაც შეიძლება მიამიტური შეცდომა მოუვიდეს და ამიტომ, ამ ყველაფერს დავალების შესრულების სტატუსი აქვს ჩემს თვალში. ამ დავალებების გამცემთა დიდი არჩევანიც არ არის, კაცმა რომ თქვას; შეიძლება, კაბინეტის ნომერი ვერ დავასახელოთ, მაგრამ შეიძლება, არეალი დასახელდეს, მსოფლიოში საიდან ხდება ეს ყველაფერი და ისიც გასაგებია, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს“, – განცხადა რომან კაკულიამ.