„ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარი განაცხადა.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს, მაგრამ ეს შესაძლებლობა, არსებული რეგლამენტით, საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე არ ვრცელდება, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი.
მისივე თქმით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკით გასულ დეპუტატებს ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება არ შეუძლიათ.
ცნობისათვის: პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი რეგისტრირდება: "ხალხის ძალა", რომელიც 9 წევრით იქნება წარმოდგენილი და პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის", რომელიც 5 დეპუტატს გააერთიანებს.