ნაკლები გულუბრყვილობა, ნაკლები მანიპულაცია და მეტი წინდახედულობა არ აწყენდა ოპოზიციას. ბევრი მესიჯიც გადასახედია. შეცდომებსაც აღიარება უნდა. ნურც ჩვენი როლი დაგვავიწყდება ბოიკოტების ორგანიზებაში და შარლ-მიშელის პროცესის ჩაშლაში - წერს "ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:

"სტატუსი მოგვცეს თითქმის შეუსრულებელი 12 რეკომენდაციის საფუძველზე.

გადაგვიყვანეს მომდევნო ეტაპზე და დაგვიწესეს 9 ახალი რეკომენდაცია, რომლის შესრულების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკება გაწევრიანების შესახებ. ახლა ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდა უკრაინა და მოლდოვა სტატუსის მიღების შემდეგ.

უკრაინამ და მოლდოვამ შეასრულა ის რეკომენდაციები, რაც სტატუსის მიღების შემდეგ დაუდგინეს და იანვარში დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი.

ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელსაც ჰქონდა უკვე სტატუსი და უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად შესასრულებელი ჰქონდა ვალდებულებები, ვერ შეასრულა ისინი ბოლომდე. მიუხედავად ამისა, მაინც მისცეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების უფლება, ოღონდ კონკრეტული დროის მითითების გარეშე. მოლაპარაკება დაიწყება რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ანუ მაშინ დაეწევა უკრაინა-მოლდოვას.

ქართული ოცნება რომ ტრაურშია და ღარიბაშვილ-ქოცების სახეები ტრაგიკულად გამოიყურება, ეს სერიოზული პოლიტიკური განსჯის საგანი არ შეიძლება იყოს. ამაზე “ფიზიონომისტებმა”( არის ასეთი პროფესია, სახისმკითხაობა) და ხირომანტებმა( ხელზე მკითხაობა) უნდა იმსჯელონ. ოცნებას უნდოდა სტატუსი ვალდებულებების შესრულების გარეშე. ეს მოხდა გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თორემ სტატუსს კი არა სანქციებს უფრო იმსახურებდნენ. ნაკლები გულუბრყვილობა, ნაკლები მანიპულაცია და მეტი წინდახედულობა არ აწყენდა ოპოზიციას. ბევრი მესიჯიც გადასახედია. შეცდომებსაც აღიარება უნდა. ნურც ჩვენი როლი დაგვავიწყდება ბოიკოტების ორგანიზებაში და შარლ-მიშელის პროცესის ჩაშლაში. ახლა კი ყველამ გავიხაროთ!" - წერს რომან გოცირიძე.