ინფრასტრუქტურის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ხოლო საბოლოო შედეგის მიღწევა სწორედ პარტნიორულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო კერძო სექტორს პარტნიორად განიხილავს, თუმცა ამ პარტნიორობას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მეტი ინვესტიცია განახორციელონ, როგორც ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაში, ისე კადრების გადამზადებაში, რაც საბოლოოდ პროექტების ხარისხსა და ეფექტიანობაზე აისახება.

რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამშენებლო პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი მიდგომები ჯერ კიდევ ერთეულ შემთხვევებად გვხვდება. მისი თქმით, ინოვაციური ტექნიკის გამოყენება, რომელიც აჩქარებს სამშენებლო პროცესს და ზრდის ეფექტიანობას, უნდა გახდეს სტანდარტი და არა გამონაკლისი.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადებზე და აღნიშნა, რომ ხშირად არსებობს მნიშვნელოვანი დისბალანსი სხვადასხვა ტიპის მშენებლობებს შორის. მისი თქმით, მაშინ როდესაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები მოკლე ვადებში შენდება, ზოგჯერ შედარებით მცირე მასშტაბის პროექტები, მაგალითად სკოლები, წლობით გრძელდება, რაც მიუღებელია. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი, თუმცა სამართლიანი.

მინისტრის განმარტებით, პრობლემური კონტრაქტების არსებობა არ ნიშნავს, რომ ყველა პროექტი შეჩერებულია, გამოწვევები სხვადასხვა ტიპისაა და მოიცავს როგორც ვადებში ჩამორჩენას, ისე ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული პრობლემების გადაჭრაზე და ბოლო პერიოდში უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის გაჭიანურებული პროექტების მიმართულებით.

რევაზ სოხაძე, ასევე შეეხო სამინისტროს ბიუჯეტის საკითხს და აღნიშნა, რომ კაპიტალური დანახარჯების მაღალი მაჩვენებელი უნდა განიხილებოდეს არა როგორც ხარჯვა, არამედ როგორც სახელმწიფო ინვესტიცია. მისი თქმით, ეს ინვესტიციები მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ეკონომიკის, ისე დასაქმების ზრდას.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ დახარჯულ რესურსს და ისევე ფრთხილად მართავს ინვესტიციებს, როგორც ამას კერძო კომპანიები აკეთებენ საკუთარ ფინანსებთან მიმართებით. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  მთავარია, განხორციელებული პროექტები იყოს ხარისხიანი, ეფექტიანი და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული.