"აცნობიერებთ თქვენ, თუ არა, რა გამოწვევის წინაშე დგას სასამართლო და ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება "რუსთავი 2"-ს?",- ასე მიმართა "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ადმიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გვენეტაძე ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს წარადგენდა.
"თქვენი ანგარიშის მოსმენის შემდეგ და ომბუდსმენთან გასაუბრების შემდეგ შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ სხვა ქვეყანაში, ან სხვა პლანეტაზე ვიმყოფებით. გასაგებია, რომ პრობლემებია, მოსამართლეების რაოდენობა გასაზრდელია, ტრენინგებია გასაკეთებელი, ექსპერტები მოსაწვევი და სხვა. აცნობიერებთ თქვენ, თუ არა, რა გამოწვევის წინაშე დგას სასამართლო და ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება "რუსთავი 2"-ს? როდესაც თქვენ გყავთ მოსამართლე ურთმელიძე და მოსამართლე ნაზღაიძე. მაინტერესებს, ნაზღაიძის შემთხვევაში საერთოდ დაიწყეთ, თუ არა რაიმე რეაგირება. შესაძლო კორუფციულ შემთხვავას ვგულისხმობ.
რატომ არის გადაცილებული ვადები "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში ყველა ვადას? აცნობიერებთ, თუა არა, რომ "რუსთავი 2"-ის წართმევის შემდეგ სასამართლო და საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა დასრულდება და ჩვენ დღეს თუ ვცხოვრობთ სუსტ, მაგრამ მაინც დემოკრატიის პირობებში, ხვალ ეს უბრალოდ არ იქნება და ვიცხოვრებთ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში",- მიმართა რატიანმა გვენეტაძეს.