ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რომელსაც თბილისის მერიის, საკრებულოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, შშმ პირებმა მათთვის საჭირო სერვისები მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად მიიღონ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული ხედვა წარმოადგინეს პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით და ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოითქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.








