"ე.ი მატყუებს ჩემი შვილი? აბა მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება. რას ნიშნავს არ სჯერათ, ბადრაგებმა ამაყენესო და ჰკითხონ იმ ბადრაგებს" - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანიამ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სხვა თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე, არსებობს რისკები, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ არის.

"კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. რისკებზე ვსაუბრობ ზოგადად, რადგან კოვიდს ზოგადა ახასიათებს გართულებები და მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები გამორიცხული რაიმე გართულება არ არის, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მიმანიშნებელი, რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არ არის"- თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ჟანგბადის აპარატი, ჩხაიძემ უპასუხა: "მისი სატურაცია ნორმის ფარგლებშია და არ ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის მიწოდებაც კი".

24 იანვარს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.