დავიჯერო, ზოგიერთ ჟურნალისტს არ უნდა საკუთარ მაყურებელს უთხრას, რომ მაგალითად მათ შეუძლიათ 2007 წლამდე დაკავებული მიწის სრულიად უფასოდ აზომვა და დარეგისტრირება? ან არ სურს, პატიმრებს მოუწოდოს, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ პენიტენციური დაწესებულებებიდან ქართულ უნივერსიტეტებში, პროფესია შეიძინონ და გაიმარტივონ რესოციალიზაცია? ან არ უჩნდება სურვილი საზოგადოებას უთხრას, რომ იმავე Wolt-ის აპლიკაციის მეშვეობით Re-market -ზე პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა არის შესაძლებელი, რითაც, როგორც ამ ადამიანებს, ასევე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას დაეხმარება? ან პატიმრების ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ გრძელვადიანი პაემანი უკვე უფასოა? ან მოახდინოს მოქალაქის ინფორმირება, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით პირადობის მოწმობის აღება უფასოდაც შეიძლება?, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ დღეებში ხშირად ითქვა, რომ მედიაგარემო პოლარიზებულია და უარყოფითადაც იქნა ეს მოვლენა წარმოჩენილი.
პოლარიზაციაში მინიმუმ ორი მხარე მონაწილეობს და შესაბამისად დაფიქრებაც ყველას მართებს. 
 ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ მედიასაშუალებას ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი და მათ შორის პოლიტიკური პოზიციაც, მაგრამ სამწუხაროა კარგი საქმის მინიმუმ სრულად მიჩქმალვა და კატეგორიულად მიუღებელია, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის სასარგებლო სიახლის საშინელებად წარმოჩენა. 
იუსტიციის სამინისტროს მაგალითზე მოვიყვან რამდენიმე შემთხვევას როდესაც მედიასაშუალებებს მიუხედავად იმისა, რომ მოწვეულნი იყვნენ ღონისძიებაზე და ინტერვიუებიც აიღეს კრინტი არ დაუძრავთ. ესენია:
1. სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნა
2. გონიერი კონტრაქტის დანერგვა
3. მიწის სისტემური რეგისტრაციის საშვილთაშვილო პროგრამა
4. მობილური იუსტიციის სახლები
5. იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში
6. ციფრული უნივერსიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში, რომელიც ევროპის მასშტაბით ყველაზე ინოვაციური პროექტების სამეულში მოხვდა
7. ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელიც საზოგადოების მაღალი ჩართულობით შემუშავდა და კიდევ მრავალი სხვა ამბავი, რომლის ჩამონათვალიც შორს წაგვიყვანს. 
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ერთ ჟურნალისტს დავუსვი კითხვა იმის შესახებ თუ რატომ არ ხვდება მათ ეთერში ის ამბები, რაც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყნის მოქალაქისთვის პრაქტიკულად სასარგებლო იქნება. მან მიპასუხა, რომ ჩვენ პრობლემებს ვაშუქებთ და რა იყო გული გწყდებათ, რომ ჩვენს ეთერში თქვენი ამბები არ ხვდებაო? პასუხი არის კი, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედია ვერ, ან არ ზრუნავს მოსახლეობის სათანადო ინფორმირებულობაზე, რაც მათ პირად სარგებელს მოუტანს. 
დავიჯერო, ზოგიერთ ჟურნალისტს არ უნდა საკუთარ მაყურებელს უთხრას, რომ მაგალითად მათ შეუძლიათ 2007 წლამდე დაკავებული მიწის სრულიად უფასოდ აზომვა და დარეგისტრირება? ან არ სურს, პატიმრებს მოუწოდოს, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ პენიტენციური დაწესებულებებიდან ქართულ უნივერსიტეტებში, პროფესია შეიძინონ და გაიმარტივონ რესოციალიზაცია? ან არ უჩნდება სურვილი საზოგადოებას უთხრას, რომ იმავე Wolt-ის აპლიკაციის მეშვეობით Re-market -ზე პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა არის შესაძლებელი, რითაც, როგორც ამ ადამიანებს, ასევე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას დაეხმარება? ან პატიმრების ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ გრძელვადიანი პაემანი უკვე უფასოა? ან მოახდინოს მოქალაქის ინფორმირება, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით პირადობის მოწმობის აღება უფასოდაც შეიძლება?
მჯერა, გულის სიღრმეში ბევრს უნდა, მაგრამ ბარიერები მრავლად აღუმართეს, რომელთა გადალახვაც იოლი აღარ არის, მაგრამ შესაძლებელია. 
ვფიქრობ, დადგა დრო როდესაც გამოგონილი სენსაციები კონტრპროდუქტიული ხდება. უმჯობესია, აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უფრო მეტად არგუმენტებით გაჯერდეს და პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა ამ ქვეყნის მოქალაქეებსაც მათთვის სასარგებლო ინფორმაციაც მიეწოდოს. 
P.s პერსონალურ “გაპიარებას”, ქებას ან არსებული პრობლემების დამალვას არავის ვთხოვთ. უბრალოდ ვამბობთ, რომ არსებულ შესაძლებლობებზე კარგად ინფორმირებული მოქალაქე იმ ქვეყნის უკეთ განვითარებას ნიშნავს, რომელშიც ყველანი, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვცხოვრობთ“, - წერს რატი ბრეგაძე.