იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო დასკვნაში ასახული ლაბორატორიული კვლევის მასალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშების ჩაბარების პირობები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
„რაც შეეხება ნიმუშს: დალუქულია თუ არა? პასუხი არის – არა; ნიმუშის ეტიკეტზე არის თუ არა ინიციალები? – არა; ნიმუშის ეტიკეტზე არის თუ არა თარიღი? – არა; ნიმუშის ეტიკეტზე არის თუ არა მითითებული? – არა. ეს ყველაფერი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა იყოს ჩაბარებული ნიმუში.
ამ საკითხს განიხილავს სასამართლო და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ერთი რამეც უნდა ვთქვათ და, სხვათა შორის, ჩვენმა წარმომადგენელმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება და გაავრცელა, რომ, მათ შორის, კონკრეტულად ამ ლაბორატორიის მონაცემებით, ის მეტალები, რომლებიც იყო აღმოჩენილი, ის ნივთიერებები იყო სრულიად ნორმის ფარგლებში. მე პირადად ვთვლი, რომ მოწამვლის ვერსია არის გაბათილებული, თუმცა, საბოლოოდ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი; მაგრამ ეს ემყარება მტკიცებულებებს. ნიმუში თუ ჩაბარებულია და დალუქული არ არის, რამდენად დასაშვებია, თუ არ არის დასაშვები... ერთი რამ მინდა, ვთქვა მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით და რამდენად დაინტერესებული არის მეორე მხარე სიმართლის დადგენით.
მყისიერად, როდესაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ იყო, ასე ვთქვათ, სერიალების ჟანრში ხან უარყოფა, ხან დათანხმება მათი მხრიდან, შევთავაზეთ, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა შეთავაზება, რაზედაც მივიღეთ უარი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ შემდგომ გამოძიებასაც ეს ადამიანი არ აბარებს ნიმუშს და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ ეს არ არის მიმართული იმისკენ, რომ დადგინდეს სიმართლე. ამაზე ახლა, მოწამვლაზე – ვის შეუძლია ისაუბროს და ვის შეუძლია დაადასტუროს, როდესაც ჩვენ ეს უარვყავით იმავე ლაბორატორიის მონაცემებით, რომელიც მათ წარმოადგინეს, და დანარჩენზე, ბუნებრივია, როგორც გითხარით, იმსჯელებს სასამართლო”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ReplyReply allForward |