საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ირაკლი კირცხალიამ შეცვალა. კირცხალია იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

„ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალიას არჩევას. ვულოცავთ მას. დიდი პასუხისმგებლობაა და წარმატებას ვუსურვებთ. წლების განმავლობაში მამუკა მდინარაძის წარმატებული საქმიანობის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ამავე ტემპით გავაგრძელოთ. ცნობად ვიღებთ ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – ლევან მაჭავარიანის, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძის არჩევას. მათაც ვულოცავ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა 23 აგვისტოს წარადგინა.

შეგახსენებთ: დღეს, საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით მამუკა მდინარაძე საქართვესლოს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩია.