საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!
1917 წლის 25 მარტს, ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა — ეს გახლდათ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილები – როგორც საერო, ისე სასულიერო პირები იბრძოდნენ, რითაც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო - მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება 1990 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ძალისხმევითა და ავტორიტეტით მოხერხდა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას.
დღესაც, ეკლესია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია და სამშობლო!" - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მილოცვაში.