საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი საქართველოში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს, გეგმა არ არსებობს.
მოდერატორის კითხვაზე, რომ ბევრი ანალიტიკოსი არ ვარაუდობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას, თუმცა, ეს მაინც მოხდა და რა არის საქართველოს გეგმა იმ შემთხვევაში, თუ პუტინი საქართველოს წინააღმდეგაც მსგავს ქმედებას გადაწყვეტს, ზურაბიშვილმა განაცხადა:
"არ არსებობს გეგმა, თუ ამას გააკეთებს [პუტინი დაიწყებს სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ]. იმის გამო, რომ საქართველო არ არის უკრაინა, საქართველოს არ აქვს სამხედრო ძალა, ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი თქვენთვის [დასავლეთისთვის]".
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მობილიზება, ქართველი ხალხის რეალური პასუხი იქნება.
"ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ჩვენთვის არის ის, რაც უნდა დავიცვათ - დავიცვათ მშვიდობიანი გზით და გამოვხატოთ საკუთარი თავი. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მობილიზება არჩევნებზე დღეს არის რეალური პასუხი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "არ არსებობს მშვიდობა ნებისმიერ ფასად", რითაც გამოეხმაურა მოსაზრებებს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების და ნებისმიერ ფასად მშვიდობის დამყარების შესახებ.
"მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა სამართლიანობაა, მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობას აქვს თავისუფლება და როცა ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. მშვიდობა იქნება და ამაში დარწმუნებული ვარ, იმ დღეს, როცა რუსეთი მიხვდება, რომ როგორც ნებისმიერ სხვა ერს მსოფლიოში, მას აქვს საზღვრები, რომელიც უნდა სცეს პატივი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თარგმანი "რუსთავი 2"