მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს იყო მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი, როცა წარვდექი თქვენს წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო - საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხებელი იქნება. ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება! - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა
"ემიგრაციაში, სადაც გავიზარდე, ეს მიზანი იყო ერთადერთი მამოძრავებელი. საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის მანძილზე პოლიტიკური ემიგრაციის ბრძოლა ამ ერთ მიზანს ემსახურებოდა. მას არ ჰქონდა ბერკეტი, რათა დაემარცხებინა საბჭოთა ძალა, მაგრამ ჰქონდა სხვა ძალა - რწმენა თავისუფალი მომავლისა! ბრძოლა ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს იდეის გადარჩენისათვის და მისი ადგილის თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს ერთეულად დამტკიცებისთვის. ვინც მაშინ ფიქრობდა, რომ ეს იმედი და რწმენა რეალობას აცდენილი იყო, თვითონვე აღმოჩნდა ისტორიის მიღმა. იგივე ელის მათ, ვინც დღესაც ვერ ხვდება, რომ მსოფლიო იცვლება და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ იმარჯვებს. როგორც გუშინ საბჭოთა კავშირს, რუსეთსაც ელის ახალ რეალობას გაუსწოროს თვალი.
იგივე მიზანი მამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი. დღესაც არ ვნანობ და კიდევაც ვამაყობ მიღწეული შედეგით - რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან (ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორ-ნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია) და ჩვენი დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება, ზუსტადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე ემსახურებოდა მთავარ მიზანს - სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარებას.
ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ!
იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ახლაც იგივეს ვიტყვი: - მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია!