გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ ძლიერად, მშვიდობიანად და დამაჯერებლად აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს! ეს არის და ეს! ამას ვერაფერი შეცვლის! ვერანაირი გათვლა, თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, სერიოზული, ვითომც მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან რამდენი ადამიანი იყო [აქციაზე]. დათვლა არ არის საჭირო! გუშინ ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ხვალინდელ დღეს ნამდვილად ამზადებს. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"თავის მხრივ, ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ხალხის და ამ რაოდენობის ხალხის მიმართ არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა მას აღარ აქვს, ანუ ტყუილი, მანიპულაცია, რაღაცა მიხვრა-მოხვრა, რომ შეიქმნას გაუგებრობა, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეული ვართ. ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს, დაგვიფიცეს, რომ არა, აღარ იქნება, არასოდეს აღარ შემოვიტანთო, [გვითხრეს] არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც რეალურად არავის სჭირდებოდა, თავადაც არ სჭირდებოდათ, [დააყენეს ეს საკითხი] მხოლოდ იმისთვის, რომ [აჩვენონ] ჩვენ რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის, არც შიგნით და არც გარეთ, არავის ვემორჩილებით და აგერ, საზოგადოების პასუხი!
მანიპულაციაა, როცა ერთი მხრივ, რაღაც დიალოგზე საუბრობ, რაღაც ცვლილებებზე და მეორე მხრივ, არის ის, რაც ახლაც გავიგონეთ პრემიერისგან - ძალადობა, დაშინება, ტერორი, სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება. ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, ეს თქვენ თვითონაც არ გჯერათ; შანტაჟები და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. ანუ, მე მრცხვენია, როცა პარლამენტის წევრების წარმოუდგენელ სიტყვებს ვკითხულობ, (ვიღაცების, რომლებსაც შეიძლება ოდესღაც ვიცნობდი), რაც მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანია, რომ თვითონ შინაგანად უკვე დაშინებულები არიან. სწორედ ეს არის იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა. " - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.