ერთერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება - ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა  მედიასთან შეხვედრისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ერთერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება. მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და ამაში ვერავინ, ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს, არ შეიძლება ერთიმეორეს აუტანლობა, არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება, ან გატარება, ამიტომ გაატარე თუ ვერ მოისმენ. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ, ბევრს მოაქვს თავი, რომ კულტურას წარმოადგენენ. კულტურა საქართველოსი იყო ზრდილობა და უნდა იყოს ზრდილობა, ამით მოვედით აქამდე, რომ შეგვეძლო ეს ზრდილობა, თუნდაც ზოგჯერ მტერთან როცა იყო ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალა. ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.