დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა, რომ როგორც კი დაინახავენ მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, დაუყოვნებლივ მოხდება ყველაფრის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების მეორე მიზეზი, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რომელიც დღეს არის გაყინული, მაგრამ ისიც დამიდასტურა, რომ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რათა საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.