მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებიდან პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სამმხრივ განცხადებას რაც შეეხება, პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“. პირდაპირ ჩანს ეს ყველაფრიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო. 26 მაისი არის საზეიმო დღე და ამ დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა. პროტოკოლს და ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.

მაკრონმა რაც მითხრა ალბანეთში, თავისი არსით არის წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. ძალიან სერიოზული გავლენა არის ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე და შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ,საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნეს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს, უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.