ყველამ კეთილი უნდა ინებოს და „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წარმოადგინოს არგუმენტები, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის, ნებისმიერი, ქართველი, უცხოელი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ, სადაც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს კანონი - ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, როგორ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი. კეთილი ინებონ, შემოვიდნენ გახსნილ დისკუსიაში, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, წარმოადგინონ.
არგუმენტების გარეშე, ჩვენ ვერავითარ ვალდებულებას ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ იმისგან, რაც აქამდე გვაქვს მიღებული.
ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები კანონთან დაკავშირებით, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე, სახელმწიფო სუვერენიტეტის საქმე, როცა უარგუმენტოდ რაღაცას ითხოვენ და ამაზე რეაგირება, არის შეურაცხმყოფელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიოზული პრობლემები ჩანს ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც გამოიკვეთა დღევანდელ მაგალითზეც, თარჯიმნის მაგალითზე, სხვა კუთხითაც და იმედი გვაქვს, ამ პრობლემებსაც მომავალში მოევლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.