ზოგადად, როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბაჩიაშვილს, სამწუხაროდ, სჩვევია ზღაპრების მოყოლა. თუ მართალია და დავუშვათ, რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებს უნდოდა მისი მკვლელობა და მერე უნდოდათ, რომ ეს გადაებრალებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, ამ შემთხვევაში, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოში. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
ამ ყველაფერს გამოძიება აჩვენებს, აქაც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალიაღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული. აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე, თუ არა მცირე – ეს ცალკე საკითხია და სუს-ს, მის ხელმძღვანელს – ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო სამართლის აღსრულება. შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა, თავის დროზე, დატოვა ქვეყანა და, სწორედ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა,“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია