საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას
საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.
პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის - ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდა.