ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ, - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.