განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GW) დელეგაციას უმასპინძლა.
გივი მიქანაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა (SEU) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს (GW) შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორმაგი ხარისხის ერთობლივი ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების დეტალებსა და სამომავლო გეგმებს.
აღინიშნა, რომ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მომდევნო წლის სექტემბრიდან დაიწყება. 3-სემესტრიანი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლება საქართველოში ქართველი და ამერიკელი პროფესორების მონაწილეობით განხორციელდება. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბოლო სემესტრი აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კამპუსში გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ ორივე უნივერსიტეტის დიპლომი მიიღონ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; GW-ის გლობალური აკადემიური პარტნიორობების ხელმძღვანელი სევინჯ მამადოვა;
GW-ის აკადემიური მიმართულების პრორექტორის მოადგილე, დოქტორი ტერი მერფი; GW-ის ბიზნესის სკოლის დეკანი, დოქტორი სევინ იელთექინი; GW-ის საინჟინრო და გამოყენებით მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დოქტორი ჯონ ლახი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.









