საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი რევაზ კემულარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გარდაიცვალა ლეგენდარული პიროვნება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი. პუტჩისტებისგან დევნილი, დიდი პიროვნება ნემო ბურჭულაძე. ვუსამძიმრებ შვილებს, შვილიშვილებს, ნათესავებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. წავიდა კაცი ლეგენდა"- წერს რევაზ კემულარია.

ნემო ბურჭულაძე 1946 წელს, კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში დაიბადა.

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1972-1990 წლებში ეწეოდა საინჟინრო-საპროექტო და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო მიწათმოწყობის რესპუბლიკური ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ მთავარი ინჟინერი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“.ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი)