„რაც შეეხება ჩორჩანას, ეს არის უმძიმესი დანაშაული. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, მაშინ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. გამოძიება არის აუცილებელი. საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში.- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში  განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ.  

 "მთელი პიარ კამპანიით დადგეს საგუშაგო პუნქტი და ამას მოჰყვა ჩვენი მილიონი კვადრატული მეტრის მიტაცება. მაშინ, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიას საერთოდ არ აუტაცებია ეს თემა. ჩვენს ხელისუფლებას რომ დაემართოს ასეთი რამ, რომ გადავდგათ უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯი და ამის გამო დავკარგოთ მილიონი კვადრატული მეტრი, რამხელა ამბავს ატეხდა მთელი ოპოზიციური მედია. არავის ხმა არ ამოუღია. იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი. გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ ასწიეს ეს თემა. არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია. იმიტომ, რომ მათ ჰყავდათ ერთი პატრონი. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა დაიწყო.   

"ჩორჩანას საქმეზე" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და ჩორჩანას მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი გამოიკითხა.

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. ასევე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე. რომელიც იმ პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.  ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი კახა კახიშვილი. ის 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 

ასევე, გამოკითხვაზე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი  

 2025 წლის 14 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სადაც ნათქვამია:

"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.