უკვე ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, რათა აღდგენილი იყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შერჩევით დაკავებული პირების გათავისუფლება არის ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ ჩანაწერს ეხებოდა.

ჟურნალისტმა ჰერჩინსკის სთხოვა, დაეკონკრეტებინა, ვინ მოიაზრებოდა უსამართლოდ დაკავებულ პირებში. კერძოდ, „ეხება თუ არა ჩანაწერი 4 ოქტომბრის საქმეზე პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულ პირებს, ან პირებს, რომლებმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს და ამ საქმეზე არიან გასამართლებული, ასევე ეხება თუ არა ეს ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილს“.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არის სურვილი, რომ ადამიანები, რომელთაც, არაპროპორციულად და შერჩევით მიუსაჯეს ხანგრძლივი სასჯელი, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ“.

„უკვე ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, რათა აღდგენილი იყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შერჩევით დაკავებული პირების გათავისუფლება არის ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი. ასევე არის აუცილებლობა, შეჩერდეს ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც ჩვენსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ნდობას ასუსტებს. რა იგულისხმება შერჩევით დაკავებასთან დაკავშირებით, დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ, რაც ვიცი, არსებობს ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველი პირები, რომლებმაც წარმოადგინეს განსხვავებული სიები იმ პირებისა. ასე რომ, საქართველოს სასამართლო სისტემამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედოს შემდგომში. ჩვენ გვსურს, დავინახოთ, რომ ის ადამიანები, რომელთაც, ჩვენი შეფასებით, არაპროპორციულად და შერჩევით მიუსაჯეს ხანგრძლივი სასჯელი, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

„მკაფიოდ და ხმამაღლა გავიმეორებ, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. არასდროს მომხდარა, არასდროს ხდება და არასდროს მოხდება ასეთი რამ. რაიმე ასეთის მტკიცება ან განცხადება, ეს არის უბრალოდ ევროკავშირის გაშავების მცდელობა, გაშავების კამპანიის მცდელობა. ეს აღმაშფოთებელი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს – საქართველოს გაწევრიანება ევროკაშირში დე ფაქტო გაჩერებულია, სწორედ ამ გაშავების კამპანიის ნაწილია. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, ასევე ქართველ ჟურნალისტებს, თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა: „ევროპიდან კრიტიკის ფონზე თბილისში დღეს იხსენებდნენ კამპანიას „მე ვისროლე“. ავლებდნენ პარალელს საფრანგეთში მიმდინარე პროცესებთან, სადაც მკვლელობის მცდელობად შეფასდა ამ შემთხვევაში ეს ქმედება. ამიტომ ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა, პირს, რომელმაც ისროლა მოლოტოვი, ეწოდოს გმირი. მმართველი გუნდი საუბრობს ორმაგ სტანდარტზე, უსამართლო მიდგომასთან დაკავშირებით საქართველოს მისამართით. თქვენთვის არის თუ არა გმირი, თუ დამნაშავე პირი, რომელმაც ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“?.

პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნული კითხვის პასუხად გაიმეორა იგივე, რომ ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას.

„ბევრჯერ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას. საწინააღმდეგოს მტკიცება არის ევროკავშირის წინააღმდეგ აგიტაციის, გაშავების ნაწილი, გაშავების პროპაგანდის ნაწილი. ეს არის ისეთი რაღაც, რაც უნდა გაჩერდეს, თუ გვსურს, კვლავ აღდგეს ნდობა ჩვენს შორის და იყოს დიალოგი ჩვენს შორის. სწორედ ის დიალოგი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა გუშინ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.