იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განმარტა, კომიტეტის აპარატმა ყველა ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს შესაბამისი წერილები გაუგზავნა სამუშაო ჯგუფში კანდიდატურების წარსადგენად.

სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ექვსი წევრი - არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, აკაკი ალადაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი წარადგინა, პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ ერთი წევრი - ნიკა ელისაშვილი და პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ ასევე ერთი წევრი - გურამ მაჭარაშვილი.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ფრაქციას „საქართველოსთვის“ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენელი არ ეყოლება.
 
„სამუშაო ჯგუფის ვადად განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი. ამავდროულად, კომიტეტის თითოეული წევრისთვის გაგზავნილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია. კომიტეტი, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, არა უადრეს 14 დღისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმენს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.