შესაძლოა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის სპეციალური წესი განისაზღვროს. შესაბამისი საკანონმდბლო წინადადება პარლამენტში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა.
კერძოდ, ცვლილებას „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც მეუღლეს უფლება ექნება ქორწინების პერიოდში მოითხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ რეგისტრაცია.
უფლების რელიზაციისათვის, საკმარისი იქნება მეუღლემ საჯარო რეესტრში წარადგინოს ქორწინების მოწმობა ან შესაბამისი ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
ასევე, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციისთვის მეორე მეუღლის თანხმობის წარდგენა საჭირო არ იქნება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანასაკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობა იქნება ქორწინების პერიოდში, რადგან განქორწინების შემთხვევაში თანასაკუთრების გაყოფის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ.
„საკანონმდებლო წინადადება ხელს შეუწყობს ქორწინებაში მყოფ ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვასა და ოჯახში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, რადგან აღმოიფხვრება ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების ძირითადად მამაკაცის სახელზე დარეგისტრირების პრაქტიკა და ქალებს, სურვილის შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ თანამესაკუთრედ რეგისტრაცია“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.