საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 69 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
კანონის პროექტის თანახმად, ფართოვდება ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები, მათ შორის, საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმელების სახელმწიფო კონტროლის, ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისა და სერტიფიცირების მიმართულებით.
განისაზღვრება სახელმწიფო ენოთეკის ცნება, მისი შექმნის, მართვისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილებები. ამასთანავე, ზუსტდება ბუნებრივი ღვინის წარმოებისას დასაშვები ოპერაციები, ღვინის წარმოებაში წყლის გამოყენების შეზღუდვა, პროდუქციის წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სერტიფიცირების მოთხოვნები.
სავალდებულო სერტიფიცირება ვრცელდება იმპორტისთვის განკუთვნილ კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილზეც, კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით. ამასთანავე, დგინდება სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებული და გარკვეული პირობებით აუქციონზე სარეალიზაციო ღვინისა და სპირტიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირებისგან გათავისუფლების საფუძვლები.




