პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
პროექტის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და სტიპენდიატებს კანონით განსაზღვრული ანაზღაურება გაეზრდებათ, ხოლო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ასევე შესაძლებლობა მიეცემა აირჩიოს წევრ-კორესპონდენტები.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა განისაზღვროს არანაკლებ 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ორივე აკადემიის სტიპენდიატებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის, აღნიშნული თანხა, ნაცვლად დღეს არსებული 1000 და 900 ლარისა, 1250 ლარით განისაზღვროს.
„მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ახორციელებს საქმიანობას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ანალოგიურად, ეს ეხება სოფლის მეურნეობის მეცნიერების აკადემიასაც. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე იყოს გარანტირებული მათთვის მინიმალური ანაზღაურება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.