პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
საკითხი განსახილველად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.
„კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საქმიანობის სპეციფიკისა და არსებული სფეროების გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემაში შეთავსებითი საქმიანობის საკითხების დაზუსტებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტის თანახმად, მოქმედი კანონის კონკრეტული ნორმით განსაზღვრულ პირებს საშუალება მიეცემათ, განახორციელონ თავდაცვის ძალების რეზერვში შეთავსებით ანაზღაურებადი საქმიანობა.
ასევე, კანონით განსაზღვრულ ზოგიერთი კატეგორიის პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან სამინისტროს სისტემაში, მიეცემათ უფლება განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საავიაციო სფერო.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება ექნება, ანაზღაურების გარეშე, იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მართვაში გადმოცემული ან მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საწარმოს, ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სამეთვალყურეო ორგანოს წევრი. ამ საქმიანობისთვის საჭირო იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობით თანხმობა.




