მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართა. საპარლამენტო საქმიანობის განახლებიდან მეათე დღეს საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდი სრულად განახლებული ჯერ კიდევ არ არის.
საკანონმდებლო ორგანოს საიტზე ინფორმაცია ცარიელია კომიტეტების თავმჯდომარეების, მისი მოადგილეებისა და წევრების ნაწილში. თუმცა, უკვე განახლდა ფრაქციების ნაწილში, რომელიც ასევე განსაახლებელი იყო. ასევე ინფორმაცია განახლლდა, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერის შესახებაც.
როგორც „აიპრესს“ პარლამენტის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ბერაძემ განუცხადა, დეპარტამენტი ინფორმაციის მიღებას ელოდება და საიტს მაშინვე განაახლებენ.
„ჩვენც ველოდებით ინფორმაციას, რომელიც საორგანიზაციო დეპარტამენტიდან უნდა მივიღოთ. ჩვენც ზუსტად კომიტეტების წევრების შესახებ ველოდებით ინფორმაციის მიღებას, რომ შევავსოთ საიტი. არის პროცედურები, რაც უნდა გაიაროს და ბოლოს მოდის ჩვენთან და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ვებ-პორტალზე ამის ასახვა.
როგორც წესი ეს ინფორმაცია ჩვენთან საორგანიზაციო დეპარტამენტიდან მოდის ხოლმე. მონაცემთა ბაზა პარლამენტარების შესახებ უკვე განახლებულია, ასევე განახლდა ფრაქციების შემადგენლობაც. მოგეხსენებათ კომიტეტების თავმჯდომარეები, მოადგილეები და კომიტეტების შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია და შესაბამისად დამტკიცებულიც არის. ახლა ველოდებით ამ ინფორმაციის მოწოდებას, რომ ავტომატურად ავსახოთ ბაზაში“, - განაცხადა ბერაძემ.
კითხვაზე, როდის მოხდება ვებგვერდის სრულად განახლება, ბერაძე ასე პასუხობს:
„იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ვებ-გვერდი მიმდინარე კვირაში სრულად განახლდება. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის განახლება, ვინაიდან ჩვენც მუდმივად გვჭირდება კომიტეტების შემადგენლობა“, - აღნიშნა ნინო ბერაძემ „აიპრესთან“.